დღის თემები
» » ტაძარი მთის წვერზე, სადაც ქალს ფეხი არ დაუდგამს

ტაძარი მთის წვერზე, სადაც ქალს ფეხი არ დაუდგამს

2-06-2017, 22:07
ნანახია: 1768

ტაძარი მთის წვერზე, სადაც ქალს ფეხი არ დაუდგამს

ქვემო სვანეთის მოსახლეობა სკალდობას აღნიშნავს. ეს დღესასწაული ქვემო სვანეთში განსაკუთრებულად უყვართ და აღდგომიდან მეშვიდე კვირის თავზე, სულთმოფენობას აღნიშნავენ.

სკალდის უზარმაზარი მთის წვერზე არსებული მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია შუა საუკუნეებშია აგებული. მისი კედლები უძველეს ხატს იცავს, რომელზეც მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელია გამოსახული, ხოლო მათ შორის – მაცხოვარი.

სვანებს სწამთ, რომ ხატს სასწაულმოქმედი ძალა აქვს და მას განსაკუთრებით უფრთხილდებიან. მომლოცველების წინაშე მას მხოლოდ სკალდობის დღესასწაულზე გამოასვენებენ ხოლმე, შემდეგ კი ისევ ტაძარში აბრუნებენ.

მთავარანგელოზის სალოცავში ქალები არ დაიშვებიან, აქ მხოლოდ მამაკაცები ლოცულობენ, ქალები კი სკალდის ძირში გაშენებულ სოფელ ფაყში არსებულ ღვთისმშობლის ტაძარში მიდიან. მათ შესაწირი, საგანგებოდ დამზადებული კვერები მიაქვთ. ამასთან, დღემდე შენარჩუნებულია წარმართული ტრადიცია, რომლის მიხედვით, სვანებს მამლები და ცხვრები მიჰყავთ, რომელთაც ფაყის ტაძრის ეზოში უშვებენ. ზემოთ კი, სკალდის ტაძარში საკლავი იკვლება.

ამ თემაზე საუბრისას სვანები ხშირად იხსენებენ ისტორიას, რომელიც, მათი მონაცემებით, არცთუ შორეულ წარსულში მოხდა. კერძოდ, გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი ცნობისმოყვარე ქალბატონი  ვაჟის სამოსით შეიმოსა და ისე სცადა მთავარანგელოზის ტაძარში შესვლა, თუმცა ამის საშუალება თავად ბუნებამ არ მისცა. როგორც ამბობენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა დაიწყო და გოგონას გადარჩენა მწყემსებმა ძლივს შეძლეს.  

თავის მხრივ, სასულიერო პირები განმარტავენ, რომ მთავარანგელოზის სალოცავი ადრე მამათა მონასტერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზების გამო იქ ღვთისმსახურება დიდი ხნის განმავლობაში აღარ სრულება და სამონასტრო ცხოვრებაც შეწყდა, ადგილობრივები ტაძარში სალოცავად მაინც დადიოდნენ, წესი კი, რომ სალოცავში ქალი არ დაიშვება, თაობიდან თაობას გადაეცემოდა  და დღემდე ურყვნელად არის დაცული.

სამონასტრო ცხოვრების შეწყვეტის შემდეგ სკალდზე სოფელ ფაყის მოსახლეობა ზრუნავდა. სასულიერო პირები მასში მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაბრუნდნენ, მანამდე კი მათ ფუნქციას ადგილობრივები ასრულებდნენ, რომელთაც ტაძრის მოვლა ტრადიციულად ევალათ და მათ რუსულ ყაიდაზე „სტაროსტებს" უწოდებდნენ.

თავად სკალდის მთავარანგელოზის სალოცავის აშენებას საკუთარი ისტორია აქვს. გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა სოფელ ფაყში ტაძრის აშენება გადაწყვიტეს, ერთ-ერთ მათგანს ხილვა ჰქონდა, კერძოდ, გამოეცხადა მაცხოვარი და რჩევა მისცა, უღელში გაუხედნავი მოზვრები შეება, მარხილზე მთავარაგელოზების ხატი დაესვენებინა და გაეშვა, ხოლო იმ ადგილზე, სადაც ცხოველები შეჩერდებოდნენ, სალოცავი აეგოთ. ადგილობრივებმა ხილვა უყურადღებიოდ არ  დატოვეს და რჩევას დაემორჩილნენ. გადმოცემის თანახმად, ორივე მოზვერი გარდაცვლილი სწორედ იმ ადგილზე იპოვეს, სადაც ამჟამად სკალდის სალოცავია აგებული, ხოლო მის აგებაში ყველა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა: ფაყის მაცხოვრებლებმა, რომელიც ამჟამად თითქმის სრულად დაცლილია და ხალხმრავლობა მხოლოდ დღესასწაულებზე შეინიშნება, გაჭიმეს 7 კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი მთიდან სოფლამდე, ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდნენ საშენ მასალას და ასე ააგეს ეს უძველესი სალოცავი, რომელიც ადგილობრივებს განსაკუთრებით უყვართ და სწამთ, რომ ის ყველა სანუკვარ სულრვილს ასრულებს.

 სკალდის სალოცავი მომლოცველთა სიმცირეს არასდროს უჩიოდა. გარდა სვანებისა, აქ ლეჩხუმის მკვიდრნიც მიდიოდნენ სალოცავად,  ბოლო პერიოდში კი მათ საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასულები და უცხოელი ტურისტებიც შეუერთდნენ. 

скачать dle 10.3Скачать игры для Android