დღის თემები
» » „გამზრდელი“ აფხაზურად - სენაკელი მოსწავლეების წარმოდგენა სკოლაში [+ ვიდეო]

„გამზრდელი“ აფხაზურად - სენაკელი მოსწავლეების წარმოდგენა სკოლაში [+ ვიდეო]

2-06-2017, 22:05
ნანახია: 1021

„გამზრდელი“ აფხაზურად - სენაკელი მოსწავლეების წარმოდგენა სკოლაში [+ ვიდეო]

„აფხაზეთობის" დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკის აფხაზეთის თემურ ბოკუჩავას სახელობის საჯარო სკოლაში სპექტაკლის ჩვენება მოეწყო. მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის „გამზრდელი" აფხაზურ ენაზე დადგეს.

თარგმანი დიმიტრი გულიას ეკუთვნის.

სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, სპექტაკლისთვის ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ, ამ ყველაფერში მას სკოლის ადმინისტრაცია და ქართული ენის პედაგოგები დაეხმარნენ. წარმოდგენის თემატიკად „გამზრდელი" იმიტომ შეარჩიეს, რომ ის ქართულ და აფხაზურ ტრადიციებს ეხება, მათ შორის - მეგობრობას, სიყვარულს.

„თავისი სტრუქტურით აფხაზური ენა ძალიან რთულია. რთულია ზოგიერთი ბგერის გამოთქმა, მაგრამ ბავშვები ძალიან ცდილობენ, სწავლობენ. მათ აინტერესებთ", - განუცხადა „ლაივპრესს" აფხაზური ენის მასწავლებელმა.

ენის ბარიერი რომ არსებობდა, ამის შესახებ სპექტაკლის მონაწილეებიც ყვებიან. ამბობენ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ყველა წინააღმდეგობა დაძლიეს და დღეს უკვე ხანგრძლივი შრომის შემდეგ შეუძლიათ თქვან - „ჩვენება შედგა".

თითოეული აქტივობა, რომელიც აფხაზეთის თემატიკას ეხება, მოსწავლეებისთვის მხოლოდ უბრალო ღონისძიება არ არის. ცდილობენ, ამით ხმა ენგურს გაღმა მცხოვრებლებს მიაწვდინონ და შეახსენონ, რომ ისინი ახსოვთ.

„სპექტაკლში მე მხოლოდ იმიტომ ჩავერთე, რომ დედა მყავს სოხუმიდან. მესმის, რა ძნელია მისი დაკარგვა და იქიდან წამოსვლა. ჩემთვის იგივე ტკივილი გახდა აფხაზეთი, რადგან საქართველომ დაკარგა ულამაზესი კუთხე, რომლისთვისაც დღემდე ვიბრძვით. იმედი მაქვს, ამ სპექტაკლით, თითოეული თუნდაც ლექსით აფხაზურად, შეტყობინება მივა აფხაზეთამდე და ჩვენ ისინი გამოგვეხმაურებიან", - გვითხრა ნაზიბროლას როლის შემსრულებელმა მონიკა გაბლიანმა.

თავის მხრივ, სპექტაკლით კმაყოფილი დარჩა დირექტორის მოადგილე ნარგიზა ნარსია. მას იმედი აქვს, სწორედ ახალგაზრდობა იქნება ძალა, რომელიც შეძლებს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში პოზიტიური იმპულსების შეტანას:

„24 წელი რამდენიმე თვეში მიიწურება, მაგრამ 24 წუთითაც არ მშორდება ფიქრი აფხაზეთზე. მაქვს იმედი, რომ ეს ახალგაზრდობა გააკეთებს ბევრ სასიკეთო საქმეს, რაც იქნება გარანტი ჩვენი დაბრუნების - დიპლომატიური გზით, ადამიანებთან საუბრის გზით, ომით არა".

სენაკის სკოლაში აფხაზური ენა უკვე მესამე წელია, ისწავლება. „აფხაზეთობა" კი საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება.


скачать dle 10.3Скачать игры для Android