დღის თემები
» » „სავარაუდოდ, რუსეთს არცთუ რბილი რეაგირება ექნება: ამას შესაძლოა, ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური გამწვავება მოჰყვეს“

„სავარაუდოდ, რუსეთს არცთუ რბილი რეაგირება ექნება: ამას შესაძლოა, ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური გამწვავება მოჰყვეს“

2-06-2017, 22:00
ნანახია: 1058

 

„სავარაუდოდ, რუსეთს არცთუ რბილი რეაგირება ექნება: ამას შესაძლოა, ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური გამწვავება მოჰყვეს“

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 4-დღიანი ვიზიტი საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დასრულდა http://accent.com.ge/ge/news/details/34673. თავად ღონისძიებისა და მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობაზე „აქცენტს" საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ესაუბრა.  

გიორგი გობრონიძე: მსგავსი ტიპის ღონისძიება, სადაც საქართველოა წარმოდგენილი, ქვეყნისთვის უკვე პოზიტიურია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საპარლამენტო ასამბლეა უშუალოდ საქართველოში გაიმართა და, რაც მთავარია, დაემთხვა ქვეყნის მთავარ ეროვნულ  დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. რა თქმა უნდა, ესეც არ ყოფილა შემთხვევითი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსადმი საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დააფიქსირა –  აღიარებულ იქნა ქვეყნის სწრაფვა ევროატლანტიკური უსაფრთხოების მექანიაზმებისკენ და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გარანტიები იმისა, რომ საქართველო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. თუმცა ჩემი სურვილია, რომ ასეთი განცხადებები არ აღვიქვათ, როგორც «ხვალ არა და ზეგ ეს მოხდება». ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, მიეჩვია ასეთი ტიპის იმედგაცრუებებს.

ალბათ,  ეს გადაჭარბებული მოლოდინები სახიფათოც არის...

- დიახ. მნიშვნელოვანია თავად ის დინამიკა, რომელიც ნატო–საქართველოს ურთიერთობებში არსებობს. დღეს ეს იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ერთის მხრივ, ეს საქართველოსადმი ნატოს მხარდაჭერას უსვამს ხაზს, მეორეს მხრივ კი - იმას, რომ დასავლურ საზოგადოებაში თანდათან იწყება კავკასიის, როგორც დასავლეთის უსაფრთხოების გარემოსთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის აღქმა. კავკასიური პრობლემატიკისადმი აქამდე ამხელა დაინტერესება არ არსებობდა. ეს თემა თანდათან კიდევ უფრო აქტუალური გახდება. გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ პირველად გაჟღერდა შავი ზღვის უსაფრთხდოების თემა, როგორც ნატოს ერთ–ერთი პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის აუზში ნატოს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს – თურქეთი, შავი ზღვის #1 სამხედრო ფლოტი ნატოს წევრია, წევრები არიან შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებიც.

თუმცა რუსეთმა ბალანსი შეცვალა...

- ყირიმის ანექსირებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ბევრი არაფერი დამატებია, ნახევარკუნძულზე რაც ჰყავდა, იგივე დარჩა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ძალების პოლიტიკური განლაგება შეიცვალა და დამატებითი აქტივობაა საჭირო.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რაც ახლა თბილისში ხდება, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში არ ჯდება და ეს იყო ერთგვარი გზავნილი, კონტრნაბიჯი რუსეთის პოლიტიკის მისამართითაც. რუსეთის უსაფრთხოების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთი საფრთხედ აღიქვამს მის საზღვრებთან ჩრდილოატლანრიკური ალიანსის გააქტიურებას; ნატოს ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საზღვბრებთან გამოჩენას. აქ პირდაპირ არის საუბარი საქართველოზე და ალბათ, იგულისხმება თბილისში არსებული ნატო–საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი. ასამბლეის სესიის შემთხვევაშიც უნდა ვივარაუდოთ, რომ  რუსეთს არცთუ რბილი რეაგირება ექნება. ამ ყველაფერს შესაძლოა, ერთგვარი პროვოკაციების მცდელობა, თუნდაც ოკუპირებულ რეგიონებში ვითარების ხელოვნური გამწვავება მოჰყვეს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამან საქართველოს საგარეო კურსზე რაიმე სახის გავლენა არ მოახდინოს. რუსეთის ფედერაცია ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ რაც უფრო მეტად დაშორდება საქართველო რუსულ ორბიტას, მით უფრო დაკარგავს ქართულ სახელმწიფოზე ზემოქმედების ბერკეტებს. რაც უფრო თანმიმდევრული, სწორხაზოვანი იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, სულ უფრო ნაკლები ბერკეტი დარჩება რუსეთის ფედერაციაც. ასეთი მოცემულობაა, რომ ყოველთვის იარსებებს საგარეო საფრთხეები, - მთავარია, ჩვენ როგორ ვიქნებით ამ საფრთხეებისთვის მომზადებული.

და, თქვენი შეფასებით, ამ საფრთხეებს როგორ ვხვდებით?

- ამ შემთხვევაში ხანგრძლივი საუბარი მოგვიწევს, მთელი უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა განვიხილოთ - დაწყებული უსაფრთხოების კონცეფციით, დამთავრებული სხვა დოკუმენტებით, საგარეო პოლიტიკით, სამხედრო სტრატეგიით, თავდაცვის მინისტრის ხედვით, მაგრამ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ალბათ, მაქსიმუმი კეთდება. უბრალოდ პრობლემა რესურსებშია. ჩვენი ტიპის ქვეყანას არ შეუძლია ბევრი რამის გაკეთება და ეს არის ყველაზე პრობლემური. თუმცა ისიც, რაც კეთდება, გარკვეულწილად ხარვეზიანია. არსებული რესურსებით ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა შესაძლებელია, უკეთესადაც დაიგეგმოს.

თავად დეკლარაციის მნიშვნელობა განვუმარტოთ მკითხვებს. რა მიიღო საქართველომ?

- თვითონ დეკლარაცია საინტერესო იყო, თუმცა სხვა ტიპის მოლოდინი არ არსებობდა: დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია და რომ არ მიეღო საქართველოსთვის მაქსიმალურად მხარდამჭერი დეკლარაცია, ცოტა ალოგიკური იქნებოდა. ალბათ, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის საინფორმაციო ეფექტი, რაც ამ ყველაფერს გააჩნია. საქრათველოში გარკვეულწილად იქმნება საინფორმაციო ფონი, თითქოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მოცემულობის გადახედვა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო დეკლარაციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დაფიქსირება და რუსეთის მიმართ მოწოდებები, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, თქვას, «სიტყვები სიტყვებად დარჩებაო». ჩვენ ვაკირდებით, როგორ ცდილობს რუსეთი ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ილუზორულად წარმოჩენას. გავიხსენოთ სოჭში პუტინის ბიბილოვთან შეხვედრა, მაშინ, როდესაც ის ევროპელ ლიდერებს ხვდებოდა. ამ ფონზე საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მნიშვნელოვანია პოზიციის დაფიქსირება, რომ ეს ყველაფერი ილუზორულია, არალეგიტიმური და რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთის ფედერაციამ, ამას არ ექნება გაგრძელება, რეალურად აფხაზეთისა ცხინვალის რეგიონებს არ გააჩნიათ თეორიული პოტენციალიც კი, ოდესმე მაინც შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფოები. რუსეთის მიმართ იყო მოწოდება აღიარების უკან გაწვევაზე  და ეს ამ კონტექსტშია ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოწოდებაა რუსეთის მიმართ: „ის, რასაც რეაგიონში აკეთებ, საბოლოო ჯამში, კონტრპროდუქტიულია და ეს ხელს უშლის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას".

თქვენ გადაჭარბებულ მოლოდინებზე გაამახვილეთ ყურადღება. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში მსგავსი ტიპის მოლოდინების გაჩენას, რაც შემდეგ იმედგაცრუებაში გადაიზრდება ხოლმე, თავად პოლიტიკოსები ხომ არ უქმნიან საფუძველს?

- გადაჭარბებული მოლოდინები ქართული დიპლომატიის ერთგვარი წყევლაა და დროა, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. 2008 წელიც რომ გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტიდან ჩნდებოდა მოლოდინი, რომ აუცილებლად მივიღებდით მაპ-ს, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. პოლიტიკოსები უნდა აწვდიდნენ საზოგადოებას ადეკვატურ ინფორმაციას. რიგითი მოქალაქე არ არის დაკავებული საგარეო პოლიტიკური განცხადებები, მესიჯ–ბოქსების გაანალიზებითა და გარკვეული დასკვნების გამოტანით. ასეთივე პრობლემაა საექსპერტო საზოგადოების ნაწილშიც, როდესაც ხშირ შემთხვევაში ვიჯერებთ სასურველს. ეს ადამიანის ბუნებაა და სადღაც გვეკარგება ის ობიექტური სიმართლე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა სწორად მიიღოს. მთავარი გზავნილი, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიიღოს, ალბათ, ისაა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით დავუახლოვდით ნატოს. ეს პარტნიორობა ხასიათდება გარკვეული დინამიკით, ჩვენ ვართ დაახლოების პროცესში, რაც თავის დროზე გაწევრიანებით დასრულდება. ჩატარდა საპარლამენტო ასამბლეა, სადაც დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებასთან დაკავშირებით და ეს გახდება წინაპირობა იმისა, რომ ნატოს შემდეგ სამიტზე ან მინისტერიალზე მოგვანიჭებენ სამოქმედო გეგმას. ეს შეიძლება, არც გახდეს წინაპირობა, მაგრამ ის, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლების მხრიდან გაცხადდა პოლიტიკური ნება, საქართველომ მიიღოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, უკვე არის პოზიტიური მოვლენა.

მნიშვნელოვანია, მთლიანობაში ამის ღირებულება დაინახოს საზოგადოებამ და არ გაუჩნდეს ცრუ მოლოდინი, ხვალ გავხდებით ნატოს წევრი და შემდეგ ნატო ჩვენს მაგივრად მოგვიგვარებს ყველა პრობლემასო. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავად ნატოსთან დაახლოების გზაა მნიშვნელოვანი. ეს ხელს უწყობს ქვეყნის რეფორმირებას, თავდაცვისუნარიანობის ზრდას. კონკრეტული ღონისძიებების, იგივე ნატო–საქართველოს კომისიის  სხდომის, საპარლამენტო ასამბლეის და ა.შ. მიღმა ჩნდება გარკვეული ორმხრივი ვალდებულებები, თანამშრომლობის ახალი გზები და, საბოლოო ჯამში, ეს თანამშრომლობა, უპირველეს ყოვლისა, ხელს უწყობს ქართული სახელმწიფოს განვითარებას.         

скачать dle 10.3Скачать игры для Android